სტენტირება

რა არის სტენტირების ჩვენება?

სტენტირების ჩვენებად ითვლება:

  • მიოკარდიუმის ინფარკტი
  • სხვადასხვა ტიპის სტენოკარდია
  • დიაგნოსტირებული უსიმპტომო გულის იშემიური დაავადება
  • გულის იშემიური დაავადება გამოხატული სიმპტომებითა და კორონარული არტერიის 70%-ზე მეტად შევიწროებით

რა არის სტენტირების უკუჩვენება?

სტენტირების აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს. შედარებით უკუჩვენებას წარმოადგენს ჰემოსტაზური და ანტიკოაგულაციური დარღვევები.

სტაბილური პაციენტებისთვის არ არის რეკომენდებული ერთდროულად 3 და მეტი სისხლძარღვის დასტენტვა. განსაკუთრებით საყურადღებოა, პაციენტი რომელსაც აღენიშნება შაქრიანი დიაბეტი. კორონარულ არტერიებში სტენტის ჩადგმა უშედეგოა, როდესაც დასტურდება კორონარული არტერიების დიფუზური დაზიანება.

როგორ ტარდება სტენტირება ?

პროცედურისას თეძოს ან მტევნის სისხლძარღვში შეჰყავთ კათეტერი, რომელშიც შედის სპეციალური, თხელი ლითონის გამტარი მონიტორზე გამოსახულების მისაღებად და პაციენტის მდგომარეობის საკონტროლოდ. გამტარი აღჭურვილია სპეციალური ბალონით, მასში ჩამონტაჟებულია დაკეცილი სტენტი.

სტენტი ერთგვარი მეტალის კარკასია, რომელსაც ბადისებრი შენება აქვს.  მას არტერიის დაზიანებულ უბანში დგამენ სანათურის ადეკვატური ზომის შესანარჩუნებლად. სტენტი ბალონზეა მოთავსებული, ბალონის გაბერვის შემდეგ ის იშლება, არტერია ფართოვდება და სისხლის ნაკადს საშუალება ეძლევა შეუფერხებლად მიაღწიოს გულამდე.

რა სახის სტენტები არსებობს?

სტენტები ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც მასალით, ისე დიამეტრითა და სიგრძით.

არსებობს ჩვეულებრივი ლითონური სტენტები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ძირითადად საშუალო დიამეტრის არტერიების გასაფართოებლად. ასევე ცნობილია ე.წ. წამლიანი სტენტები, რომლებიც დაფარულია სპეციალური სამკურნალო პრეპარატით, რომელიც დაზიანებული სისხლძარღვის მკურნალობას სტენტირების შემდგომაც განაგრძობს.

როგორია ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია?

ოპერაციის შემდეგ, რამდენიმე დღე, პაციენტი რჩება კლინიკაში და იცავს წოლით რეჟიმს. ჩარევიდან პირველ კვირაში უნდა შეიზღუდოს ფიზიკური დატვირთვები, აკრძალულია სიმძიმეების აწევა, აბაზანის მიღება (დაშვებულია შხაპი).

სტენტირების შემდგომ იწყება პაციენტის კარდიოლოგიური რეაბილიტაცია, ამ დროს საჭიროა სამკურნალო ფიზკულტურა, ჯანსაღი დიეტა და პოზიტიურ განწყობილება.

როგორია ოპერაციის შემდგომი პროგნოზები?

სტენტირების შედეგად სტენოკარდიის შეტევები ქრება და პაციენტი თავს გაცილებით კარგად გრძნობს. ეს მანიპულაცია, იშემიური დაავადების ყველაზე მწვავე გამოვლინების კორექციაა. გასათვალისწინებელია, რომ ყველა სტენტირებულ პაციენტს ესაჭიროება მკურნალი ექიმის მეთვალყურეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობით გათვალისწინებული ყველა გეგმური შემოწმების გავლა.