რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა
როგორც ჩვენი სტატიის პირველ ნაწილში წაიკითხეთ, რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული დაავადებაა. ამ დაავადების მართვა და მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ხორციელდება ექიმი რევმატოლოგის მიერ.
- ხშირად ისმის კითხვა – თვითონ პაციენტმა, რა შეიძლება გააკეთოს სიმპტომების შესამცირებლად?
რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტი უნდა დარჩეს აქტიური, არ მოადუნოს კუნთები და გააგრძელოს მოძრაობა. ტკივილის დროს შეიძლება დაზოგოთ სახსარი, თუმცა როგორც კი შეძლებთ აუცილებელია შეასრულოთ ვარჯიშები, რომელსაც ექიმი გირჩევთ.
- რა ხდება როდესაც რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტი ორსულდება?
აუცილებელია აცნობოთ ექიმს, როდესაც გეგმავთ ან ხართ ორსული. ზოგიერთი პრეპარატი, რაც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ არ არის რეკომენდებული ორსულთათვის. ზოგადად, ხშირია ორსულობის დროს პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება (დაავადების რემისია).
- რა მედიკამენტები გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ?
რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება მედიკამენტები სხვადასხვა მოქმედების მექანიზმით: დაავადების მამოდიფიცირებელი პრეპარატების ჯგუფი, ასევე, სიმპტომური პრეპარატები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და სტეროიდული საშუალებები. ეს პრეპარატები ხშირად კომპლექსურად ინიშნება.
- რას წარმოადგენს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები?
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ფართოდ გამოყენებადი პრეპარატებია. ამ მედიკამენტებს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. არის სხვადასხვა ქიმიური სტრუქტურისა და დასახელების (მაგ: ნატრიუმის დიკლოფენაკი, ნიმესულიდი, მელოქსიკამი, ნატრიუმის ნაპროქსენი და სხვა მრავალი), პრეპარატის არჩევა ექიმის მიერ ხდება ინდივიდუალურად, თანმხლები დაავადებების და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.
- ყველა პაციენტისათვის უსაფრთხოა მათი მიღება?
როგორც ყველა მედიკამეტს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს გააჩნია უკუჩვენებები და გართულებები. მათი მიღება სიფრთხილით ხდება პაციენტებში, რომელთაც აქვთ შემდეგი თანმხლები დაავადებები – სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან, მიოკარდიუმის ინფარქტი, ასთმა, თირკმლის, ღვიძლისა და გულის უკმარისობა და სხვა. პრეპარატის დასაშვები სადღეღამისო დოზის გადაჭარბება არ შეიძლება!
როდის და რატომ ინიშნება სტეროიდები, შეგიძლიათ წაიკითხოთ მომდევნო სტატიაში.
ავტორები:
ნინო ხიდეშელი
მედიცინის დოქტორი- რიმა ახვლედიანი